რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს
რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლატეანი წერილით მიმართავს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობა ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჩვენ, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრები, ხაზს ვუსვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციის. ჩვენი კომიტეტი სრულად ეთანხმება და ახდენს აღნიშნული დეკლარაციის რატიფიცირებას.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი“, – ნათქვამია წერილში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

ნატო-ს მიზანი, „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში“, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ ამბიციური რეფორმების განხორციელებისკენ.

„იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ურთიერთთავსებადობა ნატო-სა და საქართველოს შორის და გავუხსნათ საქართველოს გზა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ“, – აღნიშნულია წერილში.