რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - რუმინეთში ოპტიმისტური მოლოდინია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია 2030 წლისთვის რეალისტური პერსპექტივაა
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა იყო, გვქონდა შესაძლებლობა, უკეთ გაგვეცნო საქართველოს შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, – ამის შესახებ რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იოან მიხალკემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერის მიმართ რუმინეთის მხრიდან მორიგი დადასტურებისთვის.
„საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა იყო. გვქონდა შესაძლებლობა, უკეთ გაგვეცნო საქართველოს შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ ფიქრობს საქართველოს მთავრობა პრაგმატული ფორმით საუკეთესო გზის და საუკეთესო მიმართულების შესახებ, რათა მტკიცედ და სტაბილურად განაგრძოს ევროკავშირისკენ სვლა. ეს ასევე იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი და სასიამოვნო ორმხრივი ურთიერთობები და რუმინეთის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. ორივე მხარემ, განსაკუთრებით რუმინეთის მხარემ, გამოხატა თავისი რწმენა იმ ეფექტურობასა და წარმატებულ გზასთან დაკავშირებით, რომლითაც საპარლამენტო დიპლომატიას შეუძლია წვლილის შეტანა ორივე ქვეყნის, რუმინეთისა და საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა იოან მიხალკემ.
კითხვაზე, რას ფიქრობთ არსებულ სიტუაციაზე და საქართველოს ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებაზე, რუმინეთის პარალმენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ „რამდენადაც გავიგე, ეს საკითხი საქართველოს მხარის, საქართველოს მთავრობის მიზანია“.
„საქართველოს თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება განხორციელდეს თანდათანობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ პირველ რიგში, ერთი მხრივ, უნდა შეასრულოს გარკვეული პუნქტები ევროკავშირის კანონმდებლობიდან და, მეორე მხრივ, ეკონომიკური პუნქტები. ეს ნიშნავს, რომ 2028-2030 წლების პერსპექტივა საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის შეიძლება რეალისტური იყოს, ცხადია, უფრო ადრეც. ჩვენ, რუმინეთი, თითებს ვკრავთ, რომ ეს მოხდეს საქართველოსთვის ყველაზე ადრეულ შესაფერის დროს“, – განაცხადა იოან მიხალკემ.
მისი თქმით, რუმინეთში ოპტიმისტური მოლოდინია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია 2030 წლისთვის რეალისტური პერსპექტივაა.
„რუმინეთის მხრიდან ოპტიმისტური მოლოდინია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია 2030 წლისთვის რეალისტური პერსპექტივაა. ცხადია, დიპლომატიაში ხუთი წელი არ არის დიდი პერიოდი. რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე კონტექსტი დადებითი თუ იქნება, ვფიქრობ, ეს რეალისტური ვადაა“, – განაცხადა რუმინეთის პარალმენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.