რუმინეთის მთავრობამ და ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნაში მორწმუნეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
რუმინეთის მთავრობამ და ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნაში მორწმუნეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაში მორწმუნეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ნაკურთხი პურის მიღება, რომელსაც რუმინელებს როგორც წესი აღდგომის დილას ეკლესიებში ურიგებენ, პარასკევს და შაბათსაც იქნება ხელმისაწვდომი.

პურის დარიგებას უზრუნველყოფს ეკლესია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, იმგვარად, რომ რიგში სოციალური დისტანცია დაცული იქნება. 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ნაკურთხ პურს სახლებში მიუტანენ.

კიდევ ერთ სააღდგომო ტრადიცია, რა დროსაც რუმინელებს ეკლესიიდან ცეცხლი სახლში ფეხით მიაქვთ, ასევე შეზღუდვების დაცვით გაიმართება. კერძოდ, ეკლესიიდან ცეცხლს მოქალაქეებს მოხალისეები და სამართალდამცავები მიუტანენ. ცეცხლს მიიტანენ საკარანტინო ზონებსა და საავამდყოფოებშიც.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პერიოდში რუმინეთის მოქალაქეებისთვის ეკლესიებში მსახურებაზე დასწრება აკრძალული იქნება, მათ შორის აღდგომის ღამესაც.

მიუხედავად ამისა, რუმინელი მღვდელმსახურების ნაწილი მოუწოდებს მორწმუნეებს, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს და აღდგომის ღამეს ეკლესიაში მაინც მივიდეს.