რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი - რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროპაში მცხოვრებლები, უნდა მოემზადონ რუსული აგრესიის უკრაინის საზღვრებს გარეთ შესაძლო გავრცელებისთვის
რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი - რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროპაში მცხოვრებლები, უნდა მოემზადონ რუსული აგრესიის უკრაინის საზღვრებს გარეთ შესაძლო გავრცელებისთვის

რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროპაში მცხოვრებლები, უნდა მოემზადონ რუსული აგრესიის უკრაინის საზღვრებს გარეთ შესაძლო გავრცელებისთვის, – ამის შესახებ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გეორგიცა ვლადმა განაცხადა.

ვლადმა აღნიშნა, რომ რუსეთი „პრობლემა გახდა მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიისთვის“, ამიტომ, ფაქტობრივად, ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ დემოკრატიულ სამყაროსთან.

„რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროკავშირის მთელი მოსახლეობა, უნდა იყოს შეშფოთებული და ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები მომზადებისთვის“, – განაცხადა ვლადმა.

რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, „უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება, დიდი ალბათობით, თავს დაესხმება მოლდოვას და გამოიწვევს ესკალაციას დასავლეთ ბალკანეთში“.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ესკალაციას მიმართავს“, – აღნიშნა ვლადმა.

გეორგიცა ვლადმა მოუწოდა ნატო-ს ქვეყნებს, შეავსონ იარაღის მარაგი და მოამზადონ მოსახლეობა – კერძოდ, მთელი მოსახლეობისთვის შესაძლო ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღებით.