რუმინეთის ელჩი - ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ერთსულოვანი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს
რუმინეთის ელჩი - ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ერთსულოვანი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს

ევროპული საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ერთსულოვნად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როგორც იცით, 14-15 დეკემბერს შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებითაც. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ერთსულოვნად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ. ყველა ქვეყნის სახელით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შეეხება რუმინეთს, რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ის მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – განაცხადა რაზვან როტუნდუმ.

ამასთან, როგორც რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ცხრა პრიორიტეტს, ცხრა ნაბიჯს რაც შეეხება, რომელიც განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ, ჩვენ ვნახეთ ზომები, რომლებიც იყო მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ. სამუშაო გრძელდება და კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს ერთსულოვანი გადაწყვეტილების იმედი. სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია და ის მომავალ წელს გაგრძელდება“, – განაცხადა რუმინეთის ელჩმა.