რუმინეთის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობა და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობა
რუმინეთის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობა და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობა

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, – რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ რუმინეთის დროებითმა პრეზიდენტმა, ილიე ბოლოჯანმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბოლოჯანის თქმით, რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე.

„რაც შეეხება 2025 წლის საარჩევნო პროცესს, დროებითმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში“, – ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლოჯანი შეხვდა აშშ-ის კონგრესის წევრების ორპარტიულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა რვა პირისგან. ეს არის აშშ-ის ოფიციალური პირების პირველი ვიზიტი რუმინეთში მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გაუქმდა. რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 და 18 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები „რუსეთის გავლენის შიშის გამო“ გააუქმა.

რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში. გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად ლიდერობს რუმინეთის ოპოზიციის ლიდერი ჯორჯ სიმიონი, რომელმაც კალინ ჯორჯესკუ ჩაანაცვლა. გამოკითხვა 10-13 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2,994 ადამიანმა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სიმიონი ლიდერობს ხმების 33.4%-ით, მეორე ადგილზეა მმართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ 24.7%-ით.