რუმინეთის დაზვერვამ გამოავლინა რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ქსელი, რომელიც ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ კომპანია Carfil-თან ახლოს მომხდარ ხანძართან არის დაკავშირებული
რუმინეთის დაზვერვამ გამოავლინა რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ქსელი, რომელიც ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ კომპანია Carfil-თან ახლოს 14 სექტემბერს მომხდარ ხანძართან არის დაკავშირებული.
„გამოძიებით დადასტურდა, რომ საქმეში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რამდენიმე მოქალაქე ფიგურირებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით სამართალწარმოება მიმდინარეობს რუმინეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუმინული მხარის ცნობით, ეს საქმე ევროპაში რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ოპერაციების უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. მიმდინარე წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად რუმინეთში სხვა სამიზნე ობიექტებზე თავდასხმის მცდელობებიც გამოვლინდა. მათ შორის იყო საერთაშორისო სამხედრო ობიექტები და ის ობიექტები, რომლებსაც უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის იყენებდნენ.
„რუმინეთის დაზვერვის სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დივერსიული საქმიანობისთვის ადამიანების გადაბირება, როგორც წესი, სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. თავდაპირველად მათ ცალკეული დავალებების შესრულებისთვის უხდიან ფულს, მაგალითად, ობიექტებზე დაკვირვების ან მათი ფოტოგადაღებისთვის. მოგვიანებით დავალებები უფრო სერიოზული ხდება და შესაძლოა, ობიექტების განადგურებას, ხანძრის გაჩენას ან მკვლელობასაც კი მოიცავდეს. უარის შემთხვევაში კოორდინატორებმა, შესაძლოა, ზეწოლასა და შანტაჟს მიმართონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუმინეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უწყება ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის გენერალურ დირექტორატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ქვეყანაში გამოვლენილ დივერსიულ ოპერაციებს კვლავ იძიებს.