რუმინეთი შავ ზღვასა და დუნაიზე მდებარე 4 სამხედრო პორტში ამერიკულ დრონსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ამონტაჟებს

15:07, 17.09.2026

რუმინეთში ამერიკული დრონსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს

რუმინეთში ამერიკული დრონსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს

რუმინეთი, სადაც საჰაერო და საზღვაო დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა, შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე მდებარე ოთხ სამხედრო პორტში ამერიკული წარმოების დრონსაწინააღმდეგო სისტემას განათავსებს. საჰაერო და საზღვაო დრონების თავდასხმისგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამცავ სისტემას, მეტსახელად, Black Talon-ი („შავი კლანჭი“) ეწოდება.

ტელეკომპანია „ევრონიუს რუმინეთის“ (Euronews Romania) ცნობით, პროგრამა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. შავი ზღვის პორტი კონსტანცა იქნება პირველი ობიექტი რუმინეთში, სადაც ამ ტიპის სისტემა ამოქმედდება. „შავი კლანჭი“ ჰაერიდან და ზღვიდან მომდინარე საფრთხეებს გამოავლენს. პირველი აღჭურვილობა უკვე ტესტირების პროცესშია და, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში.

იგივე ტექნოლოგია იქნება გამოყენებული შავი ზღვის პორტ მანგალიაში, ასევე დუნაის პორტებში – ბრაილასა და ტულჩაში. „ევრონიუსის“ განმარტებით, სისტემა, რომელიც რუმინეთს ამერიკელმა მოკავშირეებმა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გადასცეს, უზრუნველყოფს დრონების და სხვა საფრთხეების დაფიქსირებას და მათთვის თვალყურის დევნებას როგორც ჰაერში, ისე წყლის ზედაპირზე.

დრონსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების რადიუსი 10 კილომეტრია, რაც შავი ზღვის პორტის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ზონების მეთვალყურეობის საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, დამონტაჟდება Sentinelle-ის ტიპის აღჭურვილობა, რომელიც 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე წყალქვეშა გარემოს მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი.

ამჟამად მიმდინარეობს იმ პერსონალის გადამზადება, რომელმაც სისტემა უნდა მართოს. „შავი კლანჭი“ საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ გამოავლინოს დრონი, არამედ დაარტყას და გაანეიტრალოს ის. ტელეკომპანია იუწყება, რომ ეს ზომები უკრაინის საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს მდებარე მოწყვლადი რუმინული პორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

საინფორმაციო ვებგვერდი Ziare ციტირებს კონსტანცის სამხედრო პორტის მეთაურის, სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალ ჩიპრიან მანდაკის განცხადებას, რომლის თანახმად, „შავი კლანჭის“ სისტემა მოწინააღმდეგის დრონსა და ოპერატორს შორის არსებული კავშირის გაწყვეტის საშუალებასაც იძლევა.

მისივე თქმით, სისტემა, რომელიც სენსორებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 3D რადარს, ელექტროოპტიკურ კომპონენტებსა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების პასიური გამოვლენის სისტემას აერთიანებს, 360-გრადუსიან სადამკვირვებლო არეალს ფარავს, ხოლო სამიზნის აღმოჩენის შემდეგ, მასზე მიზანმიმართული ზემოქმედება 20-გრადუსიან სექტორში შეუძლია.

სახელმწიფო ტელეკომპანია TVR-ი აღნიშნავს, რომ 5 ივნისის ინციდენტმა, როდესაც კონსტანცას პორტში უკრაინული საზღვაო დრონი აფეთქდა, დრონსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხის მოგვარებისკენ მიმართული რუმინეთის ხელისუფლების ძალისხმევა დააჩქარა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, სერიოზული ზიანი ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, ხოლო კიევმა განაცხადა, რომ დრონის სიგნალი რუსეთმა ჩაახშო.

როგორც რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა მიხაი პანაიტმა აღნიშნა, ივნისის ინციდენტის შემდეგ რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები გაატარეს – განახლდა რეაგირების პროცედურები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თანამშრომლობა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან, ასევე ამოქმედდა მუდმივი საკომუნიკაციო არხი და საფრთხის შესახებ დროული შეტყობინების სისტემა.

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი ასევე ხაზს უსვამს შავ ზღვაში რუმინეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დაცვის აუცილებლობას, სადაც 2027 წელს „ნეპტუნ დიპის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვება უნდა დაიწყოს. პანაიტის თქმით, ამ ზონაში მუდმივად პატრულირებენ ფრეგატები, დამხმარე ხომალდები, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფის დანაყოფების მყვინთავები და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები.

20 აგვისტოს რუმინეთის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული საზღვაო დრონი, რომელიც რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, „ნეპტუნ დიპის“ პლატფორმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში და კონსტანციდან 80 მილის დაშორებით იმყოფებოდა. კიევმა ბუქარესტთან პირდაპირი საკომუნიკაციო არხის საშუალებით განაცხადა, რომ ეს დრონი უკრაინული წარმოშობის არ ყოფილა.

ამავდროულად, რუმინეთი, რომელსაც უკრაინასთან 650-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების მატებაზე ამახვილებს ყურადღებას. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო სივრცეში 25 დრონი შევიდა, რომელთაგან 4 ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი, 2026 წელი, 09:57 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი