რუმინეთი საქართველოსთან წაგებით აღშფოთებულია – კალაძე-არველაძეებთან წაგებაზე ვერაფერს ვიტყოდით, მაგრამ ახლა მათგან მხოლოდ მწვრთნელს ვიცნობ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ რუმინული მედია ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მირელ რადოის მოხსნას ითხოვს. პრესის საერთო შეფასებით, ფიფას რეიტინგში 91-ე ადგილზე მყოფ საქართველოსთან საშინაო მარცხი უდიდესი სირცხვილია.
„რუმინეთი – საქართველო – 1:2. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ჩაგდებული დაწყების შემდეგ, მირელ რადოის გუნდმა მორიგი სამარცხვინო მარცხი განიცადა. სომხეთში წარუმატებლობას საქართველოს კატასტროფა მოჰყვა – ამ ზაფხულის პირველ ამხანაგურ მატჩში – 1:2. რვა წარუმატებელი თამაშის შემდეგ ქართველებმა პირველ მატჩში გაიმარჯვეს,“ – წერს „პროსპორტი“.
გამოცემის თქმით, რუმინეთი – საქართველოს მატჩს მხოლოდ 500 გულშემატკივარი დაესწრო:
„საკმაოდ წყნარ ატმოსფეროში, რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელები მინდორზე გავიდნენ ბანერით – 565 დღის შემდეგ, ყველაზე ლამაზი საათი ერთად სამფეროვან გაზონზე! მიუხედავად იმისა, რომ 3800 ბილეთი იყიდებოდა, ტრიბუნაზე მხოლოდ 500-მდე გულშემატკივარი იყო. არადა, 2019 წლის 15 ნოემბერს შვედეთთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ გულშემატკივრები სტადიონზე პირველად დაუშვეს“.
საქართველოსთან ამხანაგური მატჩის შედეგებზე (1-2) კომენტარი რუმინეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარიუს ნიკულაემ გააკეთა.
„მე უბრალოდ მრცხვენია იმის თქმის, თუ როგორ ვგრძნობ თავს ახლა. საქართველოს ნაკრებს რომ მოეგო კალაძის და არველაძის დროს, ვერაფერს ვიტყოდით. მაგრამ ახლა მათი ნაკრებიდან მხოლოდ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვიცნობ,” – თქვა მარიუს ნიკულაემ „დიგი სპორტ სპეშალთის“ (Digi Sport Special) სატელევიზიო შოუში.