რუმინეთი, ფინანსური სტაბილურობის კუთხით, კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას
რუმინეთის ფინანსური სტაბილურობის რისკები კვლავ მაღალია
შიდა ეკონომიკური დისბალანსის, გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა და გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, რუმინეთის ფინანსური სტაბილურობის რისკები კვლავ მაღალია – ეს დასკვნა ქვეყნის ეროვნული ბანკის ანგარიშშია მოყვანილი.
„ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უკვე ახდენს გავლენას ენერგომატარებლების ფასებზე, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ამ მოვლენების ნებისმიერი ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ფინანსურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რუმინეთი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, კვლავ ყველაზე მაღალი ფისკალური და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით გამოირჩევა. ბიუჯეტის დეფიციტმა 2025 წელს მშპ-ს 7.9 პროცენტს მიაღწია, ხოლო ევროკომისიის 2026 წლის პროგნოზი მის 6.2 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს.
ქვეყანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 2025 წელს 0.7 პროცენტამდე დაეცა.
„ეროვნული აღდგენისა და მდგრადობის გეგმის“ იმპლემენტაცია და ევროპული ფონდების ათვისება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუმინეთის ინვესტიციებისთვის; თუმცა, გარკვეულ კომპონენტებში შეფერხებები დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანამ, გრანტებისა და სესხების სახით, 10.72 მილიარდი ევრო მიიღო, ამასთან, დამატებით კიდევ 10.7 მილიარდი ევროა ასათვისებელი.
ვითარება ბიზნესისთვისაც უარესდება. 2026 წლის მარტისთვის, პრობლემური სესხების წილი კორპორაციულ სექტორში 5.5 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ერთ წელიწადში 1.2-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ყველაზე მეტად დაზარალდნენ მცირე და საშუალო საწარმოები, ასევე უძრავი კომერციული ქონების სექტორი.
რუმინეთი კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ევროკავშირში ფინანსური ინტერმედიაციის (შუამავლობის) დონით – მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ)არასახელმწიფო კრედიტების შეფარდება ქვეყანაში მხოლოდ 22 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 66 პროცენტია. ამ კუთხით რუმინეთი ჩამორჩება პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის მაჩვენებლებს.
რუმინეთის ეროვნული ბანკის ანგარიშში ეკონომიკის წინაშე არსებულ გრძელვადიან სტრუქტურულ გამოწვევებად დასახელებულია მოსახლეობის დაბერება, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და კლიმატის ცვლილება. რუმინეთი ევროკავშირში პირველ ადგილზეა იმ ახალგაზრდების მაჩვენებლით, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ (19.2 პროცენტი).
სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)