რუმენ რადევი აცხადებს, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების ახალ ეტაპში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ასევე ქვეყანა უკრაინას საკუთარი არმიიდან საბრძოლო მასალასაც არ მიაწვდის

16:01, 14.11.2026

ბულგარეთი უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების ახალ ეტაპში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა.

მისი თქმით, ბულგარეთი უკრაინას საკუთარი არმიის მარაგებიდან იარაღსა და საბრძოლო მასალასაც აღარ მიაწვდის.

როგორც რუმინული გამოცემა წერს, რადევმა გადაწყვეტილება ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობით ახსნა.

„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ თავად ვიმყოფებით გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურის ფარგლებში და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი არაერთხელ მოგვიწოდებდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან ზღვარზე ქვემოთ შეგვემცირებინა“, -განაცხადა რადევმა.

მისი თქმით, ბულგარეთი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში ხელს არ შეუშლის. რადევის განცხადებით, ქვეყანა  მხოლოდ იმ მექანიზმების განხილვისთვის არის მზად, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ თანხები ჰუმანიტარულ საჭიროებებს, ელექტროენერგიის მიწოდებასა და სამედიცინო დახმარებას მოხმარდება და არა შეიარაღების შესყიდვას.

მსგავსი