რუისთან ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სოფელ რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ნეოროქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა.
„პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. იმპლანტირებულ იქნა ქალა შიდა წნევის მზომი ხელსაწყო. ამ ეტაპზე მისი ქალა შიდა წნევა არის ნორმის ფარგლებში. მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. დასტაბილურდა, თუმცა განაგრძნობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. შემდგომი ქირურგიული მკურნალობა განხილული იქნება მისი მდგომარეობის შედარებით სტაბილიზების შემდგომ“, – განაცხადა ნეიროქირურგმა არჩილ აგლაძემ.
მისივე თქმით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება.
ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვისთვის სისხლის საჭიროება სრულად დაკმაყოფილდა და მას დონაცია აღარ ესაჭიროება. მათივე ცნობით, დონაციის საჭიროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სისხლის ბანკს არაერთმა ადამიანმა მიმართა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუისთან სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.
დაშავებულები გორისა და თბილისის კლინიკებში არიან მოთავსებული.