რუის-ურბნისის ეპარქიაში აცხადებენ, რომ დაკავებული იღუმენი, დავით კობაიძე არა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, არამედ რიგითი წევრია
რუის-ურბნისის ეპარქიაში აცხადებენ, რომ დაკავებული იღუმენი, დავით კობაიძე არა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, არამედ რიგითი წევრია

იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს ყოფილა და არც დღეისათვის არის ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იგი მონასტრის რიგითი წევრია, – ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

„უკანასკნელ ხანს საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ, რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.

ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს ყოფილა და არც დღეისათვის არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.

სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთი ჟურნალისტი არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა“, – აცხადებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.

პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მღვდელმსახურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.