ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი ჩაიშალა.
კორონავირუსის ინფექციამ სპორტსმენებამდეც მიაღწია. დღეს, გამთენიისას, „ოკლაჰომასა“ და „იუტას“ შეხვედრა უნდა გამართულიყო. მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, „ჯაზის” ფრანგ ცენტრ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც „იუტას“ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და სეზონი გაურკვეველი დროით გააუქმა.
საგულისხმო და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ გობერს ინფექციის დადგენამდე კონტაქტი ჰქონდა სხვა კალათბურთელებთან და ასევე მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე. ყველა სივრცე, სადაც პოტენციურად ფრანგი იმყოფებოდა, ამ დროისთვის კარანტინად არის ქცეული.