რუდი გარსია აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან“ „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ მორიგი სამი ქულით გახარებულია და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
ფრანგის სპეციალისტის თქმით, ქართველი თავდამსხმელი ხელახლა იბადება, – ამის შესახებ ნეაპოლელთა მწვრთნელმა Sky Sport Italia-ს განუცხადა.
„რთული შეხვედრა იყო და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. დაცვაში საიმედოები ვიყავით, მაგრამ, ამავდროულად, კარგად ვერ ვუტევდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ბერლინში 3 ქულის მოპოვება უძნელესი იქნებოდა – როდესაც გუნდს აქვს ცუდი შედეგების სერია, სტატისტიკურად, ისინი ამ სერიას უფრო შეწყვეტენ, ვიდრე გააგრძელებენ.
პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ცუდია, რადგან ბერლინის „უნიონი“ სხვების შეცდომებით კარგად სარგებლობს და კონტრშეტევაზე სწრაფად მიდის. მნიშვნელოვანი იყო მოთმინება, მეორე ტაიმში კი ბურთი მოვიპოვეთ და თამაში გავაკონტროლეთ.
გამარჯვების გოლმა გამახარა, შესანიშნავი კომბინაციით გავიტანეთ და ძალიან მომეწონა. ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენივრად ითამაშა, ხოლო რასპადორიმ პოზიცია სწორად შეარჩია. ჩვენ ყველა საჭირო უნარი გამოვავლინეთ, რაც ასეთი თამაშების მოსაგებადაა აუცილებელი. Კარგია, რომ ვიცით მთავარი – თამაში ბოლო წუთამდე უნდა გავაგრძელოთ.
კვარაცხელიას„უდინეზესთან“ მატჩამდე დიდი ხანი ვესაუბრე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლის შემდეგ ის ძველ როლში დაგვიბრუნდებოდა, მისთვის მთავარი იყო მხოლოდ გოლზე არ ეფიქრა. მართლაც ასე მოხდა – ამ მატჩის შემდეგ ის გახდა განსხვავებული, უფრო მშვიდი და ხედავთ, რომ ბევრად უკეთესია. კვარაცხელია ხელახლა იბადება“, – განუცხადა გარსიამ Sky Sport Italia-ს.