„რუბინის“ ნაცვლად ევროპა და „გენტი“ - დავითაშვილი მოლაპარაკებას ბელგიურ კლუბთან აწარმოებს
ზუკა დავითაშვილი ბელგიაშია და ლაშა ჯაკობიას შუამავლობით მოლაპარაკებას „გენტთან” მართავს.
თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათები, სადაც ზურიკო გიორგი ჩაკვეტაძესა და ლაშა ჯაკობიასთან ერთადაა. ინფორმაცია პირველ არხს ფეხბურთელის მამამ, სულიკო დავითაშვილმაც დაუდასტურა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის” მწვრთნელის ასისტენტია.
პირველი არხთან სულიკო დავითაშვილმა თქვა, რომ კლუბთან მოლაპარაკებაზე იმყოფება, თუმცა, დანარჩენი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინის“ მცდელობის მიუხედავად, რუსეთის პრემიერლიგის კლუბთან მოლაპარაკება შეწყვიტა, სადაც მას კონტრაქტს სთავაზობდნენ. ის და მისი მენეჯერი რუსულ კლუბს კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა. მათ 4,5-წლიანი კონტრაქტი სურდათ, ქართველებს კი ასეთი გრძელვადიანი ხელშეკრულება არ აწყობდათ. „რუბინი“ ბოლოს ყველანაირ დათმობაზე წავიდა და მისაღებ კონტრაქტის ვადას და ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ საბოლოოდ დავითაშვილმა ევროპაში თამაში ამჯობინა.