„რუბინის“ მეკარემ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მარცხის შემდეგ კვარაცხელია გააკრიტიკა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მეკარემ, იური დიუპინმა გააკრიტიკა ხვიჩა კვარაცხელია „ნიჟნი ნოვგოროდთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი გააფუჭა.
„ეს არის ფეხბურთი. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა. შენ გაქვს კიდევ 30 წუთი, ყველაფერი რომ გააკეთო ამის გამოსასწორებლად, მაგრამ მან უბრალოდ ხელები ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა“, – განაცხადა „რუბინის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში დუპინმა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა რვა თამაშში ერთი გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი გააკეთა. „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მატჩში ხვიჩა მოედანზე 28-ე წუთზე გამოჩნდა და დაშავებული ილია სამოშნიკოვი შეცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის 50-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ევროპულ კლუბებში ქართველის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები გავრცელდა, მაგრამ კვარაცხელია თათარსტანის დედაქალაქის კლუბში დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი კვარაცხელიას აქტივში ვერ ჩაიწერება, ყველაზე სახიფათო მომენტები მან შექმნა და თანაგუნდელზე კი ასეთი ლაპარაკი სპორტულ ეთიკის ფარგლებში არ თავსდება.