„რუბინი“ „იუვენტუსის“ დაინტერესებასაც უარყოფს - თუმცა, პროცესი დაწყებულია #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ კლუბს შეთავაზება არ მიუღია.
„ჩვენ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე არცერთი კლუბიდან, მათ შორის, არც „იუვენტუსისგან“ ოფიციალური შეთავაზებები არ მიუღია“, – თქვა საიმანოვმა Metaratings-თან.
მაგრამ ჯერ არსად დაწერილა, რომ „რუბინს“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს – ახლა მიმდინარე მოლაპარაკება სწორედ ამის წინაპირობა უნდა გახდეს და იტალიური მედია საშუალებებიც სწორედ ამას წერენ – ტურინის კლუბი მზადაა, 20 წლის კვარაცხელიას ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
ამავე დროს ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამაც საქართველოს პირველ არხთან ხვიჩას მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი დაადასტურა და არც ის დამალა, რომ „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი შეხვდა. მაგრამ ისიც დაამატა, რომ ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება და რომ იტალიელები ხვიჩას პასუხს ელიან.
ანუ თუ ხვიჩა კვარაცხელია თანხმობას იტყვის, „იუვენტუსი“ „რუბინს“ ოფიციალური წინადადებით ამის შემდეგ მიმართავს. ხვიჩა კი ჯერ ფიქრობს და ის ევროპაში წასვლას აპირებს. ეს მისი პოზიციაა – ითამაშოს იქ, სადაც დიდი ფეხბურთია.