„რთული თამაში იყო, ისეთი, როგორის ფუფუნებაც არ გვაქვს“ - ქართველი მორაგბეები სამშობლოში დაბრუნდნენ
„რთული თამაში იყო, ისეთი, როგორის ფუფუნებაც არ გვაქვს“ - ქართველი მორაგბეები სამშობლოში დაბრუნდნენ

რთული თამაში იყო, ისეთი, როგორი თამაშების ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს, სამწუხაროდ,  – ასე აფასებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე კარდიფში, ორი დღის წინ ჩატარებულ ტესტ-მატჩს, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“​ უელსელ „​დრაკონებთან“ 13:6 დამარცხდნენ. 

მორაგბეები სამშობლოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. მათ გულშემატკივრები აეროპორტში ოვაციებითა და გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ.

„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოო ჯამში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კარგი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ანგარიშია და ისე გამოვიდა, დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამამდე თითქოს უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ფრე უნდა დაგვემთავრებინა, არ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია, მომავალში ასეთი შანსები როცა გვექნება, გვეყოფა გამოცდილება, რომ ფრე დავამთავროთ”, – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.

ანგარიშის მიუხედავად, ბორჯღალოსანთა თამაშით კმაყოფილია ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

„ბიჭების თამაშით მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, რადგან ყველაფერი გააკეთეს, თავი არ დაუზოგავთ. ტექნიკური წუნი გვქონდა ბუნებრივია. საწყენია, რომ თამაშის ბოლო წუთებზე გვქონდა იმის შანსი, ფრე დამთავრებულიყო თამაში. დაცვაში ძალიან დიდი ენერგია და თავდადება გამოიჩინეს ბიჭებმა, მაქსიმალური გააკეთეს“,- განაცხადა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსნები“ მორიგ შეხვედრას 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ამჯერად საქართველოს მეტოქეობას ამერიკის შეერთებულ შტატები გაუწევს.