რუსეთის საგარეო უწყება - ვენესუელაში ორხელისუფლებიანობა სახელმწიფოებრიობის ნგრევას გამოიწვევს
რუსეთის საგარეო უწყება - ვენესუელაში ორხელისუფლებიანობა სახელმწიფოებრიობის ნგრევას გამოიწვევს

ვენესუელაში ორხელისუფლებიანობა ქაოსსა და სახელმწიფოებრიობის ნგრევას გამოიწვევს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთი მკაცრად გმობს მათ, ვინც ვენესუელის მოსახლეობას სისხლიანი დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი კარაკასის მიმართ თავისი ქმედებებით უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

„ვაშინგტონის უცერემონიო ქმედებებში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ტოტალურ უგულვებელყოფას ვხედავთ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„სახეზეა არასასურველი მთავრობების შეცვლის აპრობირებული სცენარების ვენესუელაში განხორციელების სურვილი“, -აცხადებენ მოსკოვში.

რუსეთის საგარეო უწყება ვენესუელელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ იქნებიან პაიკები სხვის თამაშში.

კარაკასში 23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ის უკვე აღიარა აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.