როუზ გოტმიოლერი - საქართველომ დაადასტურა თავისი უნარი, შეიტანოს წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
საქართველომ დაადასტურა თავისი უნარი, შეიტანოს წვლილი ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როუზ გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მოიცავს პრაქტიკულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს.
„მოხარული ვართ, რომ გიმასპინძლეთ იანვარში ნატო-ში, თქვენი ინაუგურაციის შემდეგ. ბოლო წლებში, ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხუთი წლისთავს, რომელზეც ახლახანს შევთანხმდით, რომ განვაახლებთ და განვავითარებთ.
მიმდინარე წელს საქართველოში წვრთნას გადიოდა 350 სამხედრო ნატო-ს 25 წევრი ქვეყნიდან. აპრილში კი, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ზომების პაკეტზე შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
საქართველომ დაადასტურა თავისი უნარი, შეიტანოს წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თქვენ ხართ უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, მონაწილეობთ ნატო-ს რეაგირების ძალებში და აიღეთ საკუთარ თავზე ვალდებულება თავდაცვაზე დახარჯოთ მშპ-ს ორი პროცენტი.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მოიცავს პრაქტიკულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, როდესაც შესაბამისი მომენტი იქნება“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.