როუზ გოტემოლერი – ნატო-საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება, ეს არის ძლიერი და მყარი თანამშრომლობა

20:20, 21.09.2018

ნატო-საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ვითარდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საინტერესო საკითხებზე და მიხვდნენ, რომ ტემპის შესანარჩუნებლად ნატო-საქართველოს კომისია თავდაცვის მინისტრების დონეზე უნდა დაგეგმილიყო.

„ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველოს კომისია მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. სექტემბრის დასაწყისში პარტნიორებთან პირველივე შეხვედრა საქართველოზე ელჩების დონეზე საუბრით გავხსენით, ვუმასპინძლეთ სახელმწიფო მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომლებმაც სრულყოფილი სურათი წარმოადგინეს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს ყველა იმ საკითხებზე, რომლებზეც ნატო-ში ინტერესი იყო და მივხვდით, რომ ტემპის შესანარჩუნებლად ნატო-საქართველოს კომისია თავდაცვის მინისტრების დონეზე უნდა დაგვეგეგმა.

ეს მიუთითებს იმ ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს. ეს ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ვითარდება. ეს არის ძლიერი და მყარი თანამშრომლობა. ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საკითხზე, ვიმსჯელებთ რეფორმებზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშეა. ვისაუბრებთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რაც ნატო-სა და საქართველოსთვისაც პრიორიტეტულია. ჯერ იყო 2008 წელი, შემდეგ 2014 წელი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაზრდა რეგიონში.

ყირიმის ანექსიას დაუკავშირდა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ძალების რაოდენობის გაზარდა და გაიზარდა საფრთხეც. ეს ნატო-სთვის შეშფოთების საგნად იქცა. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით. საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ დისკუსიაში. მადლობა გვინდა გითხრათ თანამშრომლობისთვის.

გაიზარდა ნატო-ს გემების შემოსვლა რეგიონში, ჩატარდა ნატო-ს წვრთნები. 2019 წელს დაგეგმილია ალიანსის წვრთნები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობა მჭიდროა და ცალკე აღნიშვნის ღირსია. ნატო-ს ყველა ქმედება და გეგმა არის შესაბამისობაში ჩვენს მიზანთან. ყველა ნაბიჯი არის თავდაცვითი. ველოდებით საქართველოს ოქტომბრის პირველ კვირაში ნატოში. გველის საინტერესო ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

მსგავსი