„როტორი“ თურქეთში მოემზადება - ვოლგოგრადულ კლუბს არაბიძე 15 იანვარს შეუერთდება
„როტორი“ თურქეთში მოემზადება - ვოლგოგრადულ კლუბს არაბიძე 15 იანვარს შეუერთდება

ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, ახალი სეზონისთვის მზადებას 15 იანვრიდან დაიწყებს და გუნდს ახალწვეული გიორგი არაბიძე სწორედ თურქეთის ქალაქ ბელეკში შეუერთდება.

გუნდი თვენახევრის განმავლობაში მოემზადება, სამ შეკრებას გამართავს და 6-7 ტესტ-მატჩს ჩაატარებს. ვოლგოგრადის კლუბი პირველ შეკრებაზე, რომელიც 26 იანვრამდე გაგრძელდება, ითამაშებს პოლონურ „ზაგლებიესთან“ და სლოვენიის „მურასთან“. მეორე შეკრება 30 იანვრიდან 11 თებერვლამდე ჩატარდება და სპარინგ-მატჩი მონტენეგროს ჩემპიონ „ბუდუჩნოსტთან“ დაიგეგმა.

მესამე შეკრება 15-24 თებერვალს შედგება და „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადებას 18 და 21 თებერვალს ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ ორი ტესტ-მატჩით დაასრულებს. ამის შემდეგ ვოლგოგრადის გუნდი სარანსკში გაემგზავრება, სადაც 2021 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს „ტამბოვის“ წინააღმდეგ 26 თებერვალს გამართავს.

როტორში“ ხუთი ქართველი ფეხბურთელია – უკვე თამაშობენ საბა კვერკველია, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და ზურიკო დავითაშვილი, რომელთაც ახლახან გიორგი არაბიძე შეუერთდათ. გამოცემა „ბიზნეს-ონლაინმა“ ქართველების სიმრავლის გამო გუნდი ხუმრობით ასე მონათლა – „ვოლგოგრადის „როტორი“ საქართველოს ნაკრების ფილიალი გახდა“.