„როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა
რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა. ამგვარად, გერმანიის ფედერალური მარეგულირებლის კონტროლქვეშ აღმოჩნდა შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქალაქ ბერლინისთვის საწვავის მთავარი წყაროა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მეურვეობის გადაცემით, ენერგოუსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხე აღმოფხვრილია და შვედტის საწარმოს შენარჩუნებისა და მომავლისთვის არსებითი საფუძველია ჩაყრილი“, – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, Rosneft Deutschland-ზე გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 12% მოდის. Rosneft Deutschland-ი გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას წარმოადგენს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიის გერმანიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაცემა რუსეთთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს, იმის მიუხედავად, რომ ოლაფ შოლცმა და ვლადიმერ პუტინმა გასულ სამშაბათს უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს.
შვედტის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო გერმანიაში სიდიდით მეოთხეა. ის ქვეყნის დედაქალაქს საწვავის 90%-ს აწვდის. 1960-იან წლებში ქარხნის აშენების შემდეგ, იგი ნედლი ნავთობით რუსეთიდან მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით მარაგდება. შვედტის საწარმოდან ნავთობი ასევე მიეწოდება დასავლეთ პოლონეთის ნაწილს.