ახალ სეზონში მადრიდის „რეალის” პირველ შეხვედრას მხოლოდ 48 466 მაყურებელი დაესწრო, – ამის შესახებ გაზეთი Marca იტყობინება.
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „სამეფო კლუბი” შინ „ხეტაფეს” იღებდა და დანიელ კარვახალისა და გარეტ ბეილის გოლებით 2:0 მოიგო.
ეს “რეალის” პირველი მატჩი იყო თავისი მრავალწლიანი ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ეს არის ყველაზე ცუდი დასწრება „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ბოლოს „რეალს” საკუთარ მოედანზე ასეთი ცოტა მაყურებელი 2008-09 წლების სეზონში ჰყავდა – მაშინ მადრიდულმა კლუბმა, ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით, „მალიორკასთან” წააგო (1:3).
„სანტიაგო ბერნაბეუს” ტევადობა 81 044 მაყურებელია.