რონალდომ მუნდიალიდან გამოვარდნის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა - პორტუგალიისადმი ჩემი ერთგულება ერთი წუთითაც არ შეცვლილა #1TVSPORT
პორტუგალიის კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებთან დამარცხების (0:1) მეორე დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
37 წლის რონალდო კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელთა ბოლო ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მაროკოსთან წაგების შემდეგ კი ცრემლები ვერ შეიკავა.
„პორტუგალიისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო ტიტული მოვიგე, მათ შორის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში უმაღლეს დონეზე ამეყვანა. ამ ოცნებისთვის ძალიან დიდხანს ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში ხუთჯერ მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, ვითამაშე დიდ ფეხბურთელებთან ერთად, მილიონობით პორტუგალიელის მხარდაჭერით. მე ყველაფერი გავიღე, მოედანზე ყველაფერი დავდე. ბრძოლისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია და არც ამ ოცნებას ვთმობდი.
სამწუხაროდ, ეს ოცნება გუშინ დასრულდა. გადაჭარბებულ რეაქციას აზრი არ აქვს. უბრალოდ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიის მიმართ ერთი წუთითაც არ შეცვლილა. მე ყოველთვის საერთო მიზნებისთვის მებრძოლი ადამიანი ვიყავი და ზურგს არასოდეს ვაქცევდი თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას. მეტი სათქმელი ამ დროისთვის არაფერია. მადლობა პორტუგალიას. მადლობა კატარს. სიზმარი მშვენიერი იყო, სანამ ცოცხლობდა… ახლა რჩება იმედი, რომ დრო იქნება კარგი მრჩეველი და ყველას საშუალებას მისცემს, გამოიტანოს საკუთარი დასკვნები“, – წერს რონალდო.