რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრებს გაწვრთნის
რონალდ კუმანი ჰოლანდიის ნაკრებს გაწვრთნის

ჰოლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახდება, – ამტკიცებს წამყვანი ჰოლანდური გაზეთი De Telegraaf.

გამოცემის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი მომავალ კვირას გაფორმდება. სავარაუდოდ, კუმანთან ხელშეკრულება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე იქნება ძალაში.

2017 წლის ოქტომბერში კუმანი “ევერტონიდან” დაითხოვეს – პრემიერლიგის ცხრა ტურის შემდეგ, გუნდი მე-18 ადგილზე იყო.

უფრო ადრე, ის მუშაობდა რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბში, აგრეთვე, “ბარსელონაში”, “ბენფიკაში“, “ვალენსიასა” და “საუთჰემპტონში”. თავის სამწვრთნელო კარიერას კუმანი იწყებდა ჰოლანდიის ნაკრებში, სადაც 1998 წლის მუნდიალზე გუუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.