რომში, სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“

17:30, 13.10.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება – „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა, არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ნათია შამათავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამუნა ლილუაშვილმა.

„რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა ღონისძიება – „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000 წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკო-ს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი