რომში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

რომში მიხეილ სააკაშვილისა და მხარდამჭერების შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რომიდან იუწყება.

დაპირისპირება მოხდა სააკაშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერსა და ქართველ ემიგრანტს შორის, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა.

ქართველი ემიგრანტების ნაწილი შეხვედრაზე ვერ მოხვდა. ისინი საპროტესტო აქციას რომში, „რესპუბლიკის მოედანზე“ მართავენ. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსხვავებული აზრის გამო არ შეუშვეს.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მისცეს. ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ კამერები შეუშვეს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოძრაობის „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ იმართება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.