რომის პაპის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ვატიკანში სიგარეტს აღარ გაყიდიან
რომის პაპის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ვატიკანში სიგარეტს აღარ გაყიდიან

რომის პაპის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ვატიკანში სიგარეტს აღარ გაყიდიან.

ვატიკანის წარმომადგენლის გრეგ ბურკეს თქმით, მათ აღარ სურთ ხელი შეუწყონ პრაქტიკას, რომელიც აშკარა ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას.
ვატიკანში მომსახურე დაახლოებით 5000 ადამიანს ამ დროისათვის შესაძლებლობა აქვს თამბაქო დაბალ ფასად შეიძინოს.
ამ გაყიდვებიდან ვატიკანი ყოველწლიურად მილიონობით ევროს იღებს.

თუმცა, როგორც ბურკემ აღნიშნა, ნებისმიერი ოდენობის სარგებელი მნიშვნელობას კარგავს, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.
მაგალითისთვის მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში მოწევისგან ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება.
პაპი ფრანცისკე, რომელსაც ბავშვობაში ფილტვზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, სიგარეტს არ ეწევა.

ვატიკანში მომსახურეებს და პენსიონერებს შესაძლებლობა აქვთ ყოველთვიურად ხუთი შეკვრა სიგარეტი ე.წ. დიუთი ფრიში დაბალ ფასად შეიძინონ. დიუთი ფრი რკინიგზის ყოფილ სადგურშია განთავსებული და მხოლოდ სპეციალური საშვის მქონეთათვის იხსნება.

უნდა აღინიშნოს, რომ იქ ბევრი არამწეველიც ყიდულობს სიგარეტს ვატიკანის მიღმა მყოფი მეგობრებისთვის, რადგან იტალიაში თამბაქო საკმაოდ ძვირია.

 

ავტორი: თეი კანაშვილი