რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით „ურბი ეთ ორბი“ წარდგა
რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით „ურბი ეთ ორბი“ წარდგა

რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით „ურბი ეთ ორბი“ წარდგა. ისევე, როგორც გასულ აღდგომას, პანდემიის გამო ფრანცისკემ მიმართვა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წაიკითხა.

რომის პაპმა „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და მის სავალალო შედეგებზე ისაუბრა. მათ შორის ვაქცინების ღარიბ ქვეყნებში გადანაწილებაზე, უმუშევრობაზე, სიღატაკესა და ახალგაზრდებზე, რომელთაც შეუწყდათ საგანმანათლებლო პროცესი და მოწყვეტილი არიან მეგობრებს.

„ვაქცინები ამ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია. მე მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, გლობალური პასუხისმგებლობის სულისკვეთებით, აიღონ ვალდებულება ვაქცინების განაწილების შეფერხებებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ მათ განაწილებას, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში“, – განაცხადა პაპმა.

პონტიფიკოსმა ისაუბრა ეთიოპიაში, ლიბანში, სირიასა და იემენში დაუსრულებელ კონფლიქტებზე. აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ ძალადობასა და ტერორიზმზე. მიმართვაში პაპი ასევე შეეხო აღმოსავლეთ უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შედეგად ტყვედჩავარდნილთა სახლებში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხს.