რომის პაპი მღვდელმსახურთა მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში დახმარების პირობას იძლევა

13:10, 28.09.2026
საფრანგეთში ვიზიტის ბოლო დღეს, რომის პაპი ლეო XIV ქალაქ მეცში ჩავიდა. 2026 წლის 28 სექტემბერი

საფრანგეთში ვიზიტის ბოლო დღეს, რომის პაპი ლეო XIV ქალაქ მეცში ჩავიდა. 2026 წლის 28 სექტემბერი

რომის პაპი ლეო XIV ეკლესიას „საკუთარი შეცდომების აღიარებისკენ“ მოუწოდებს და, თავის მხრივ, ბავშვებზე კათოლიკე მღვდელმსახურთა მხრიდან სექსუალური ძალადობის აღკვეთის საქმეში დახმარების პირობას იძლევა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მან ეს განცხადება საფრანგეთში ძალადობის მსხვერპლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გარდა ამისა, რომის პაპმა ეკლესიას „თავისი ღრმა იარების მოშუშებისკენ“ მოუწოდა.

ვატიკანის განცხადების თანახმად, ლეო XIV თითოეულ მსხვერპლს შეხვდა და მოისმინა მათი წინადადებები იმის შესახებ, რა ზომები უნდა მიიღოს ეკლესიამ ძალადობის პრევენციისთვის.

„მან შეხვედრის მონაწილეებს შემზარავი ჩვენებებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ მიერ განცდილი ტკივილი სხვებმა აღარ განიცადონ“, – იუწყება ვატიკანი.

პაპთან საუბრის შემდეგ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ემოციური და ამაღელვებელი შეხვედრა. ისინი იმედოვნებენ, ლეო XIV-ის დაპირებები კონკრეტული ნაბიჯებით გამყარდება.

რომის პაპი საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი საეკლესიო ლიდერები იმედოვნებენ, რომ ის ეკლესიას ავტორიტეტის აღდგენაში დაეხმარება, რომელიც ძალიან შეილახა 2021 წლის ანგარიშის შემდეგ, რომლის თანახმადაც, 70 წლის განმავლობაში, საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირებისა და საერო პერსონალის მხრიდან ძალადობა დაახლოებით 330 000-მდე ბავშვმა განიცადა.

მესის დროს, რომელსაც დაახლოებით 150 000 ადამიანი ესწრებოდა, პაპმა განაცხადა, რომ ეკლესიას უნდა ეყოს სიმამაცე, თვალი გაუსწოროს საკუთარ წარსულს.

„იმისათვის, რომ ჩვენში არსებული ღრმა იარები მოვიშუშოთ, ორგულობა და ტკივილიანი შეცდომები გამოვასწოროთ, საჭიროა, მორჩილად მივანდოთ თავი უფლის განმწმენდ მზერას“, – აღნიშნა მან.

„მოგვეცა იმის იმედი, რომ ცვლილებები შესაძლებელია და მოგვისმენენ სიღრმისეულად და არა ზედაპირულად, ლამაზი სიტყვების დაყოლებით, რომლებსაც რეალური ქმედებები არასდროს მოჰყვება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მსხვერპლმა, ვერონიკ გარნიემ, რომელიც რომის პაპს შეხვდა.

ვატიკანის ცნობით, ლეო XIV-მ ძალადობასთან დაკავშირებულ სკანდალებზე კვირას, ფრანგ ეპისკოპოსებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

პაპმა ეპისკოპოსებს მადლობა გადაუხადა იმ „გაბედული ზომებისთვის“, რომლებიც, პონტიფიკოსის თქმით, სასულიერო პირებმა სკანდალებთან გასამკლავებლად მიიღეს. ლეო XIV-მ ასევე მოუწოდა მათ, კიდევ უფრო გააძლიერონ ძალადობის პრევენციისა და ბავშვების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები და“ამ გზაზე მაქსიმალური სიფხიზლე შეინარჩუნონ“.

 

სტატიის ავტორი: ოლექსანდრა არტასევიჩი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: რომეო ბოეცლე, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი, 2026 წელი, 07:10 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი