რომის პაპი ლეო XIV კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

17:48, 25.11.2026
რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ყოველკვირეულ აუდიენციაზე მორწმუნეებს ესალმება

რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ყოველკვირეულ აუდიენციაზე მორწმუნეებს ესალმება

პონტიფიკოსი სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას კლიმატური კრიზისის „ადამიანურ სახეს“ ახსენებს.

ანტალიის სამიტი, წიაღისეულ საწვავსა და გარემოს დაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კონსენსუსის გარეშე დასრულდა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი მთავრობებს კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. 25 ნოემბერს, რომის პაპმა ლეო XIV-მ „შემაშფოთებელი“ უწოდა მკაფიო ვალდებულებების არარსებობას COP31-ზე, რომელიც კვირას ანტალიაში (თურქეთი) საბოლოო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„კლიმატურ კრიზისთან დაკავშირებული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების გახშირების ფონზე, შემაშფოთებელია, რომ COP31 (კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 31-ე კონფერენცია – რედ.) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პრობლემის გადასაჭრელად მკაფიო ვალდებულებების აღების გარეშე დასრულდა“, – აღნიშნა მან წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული აუდიენციის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

პონტიფიკოსმა გააფრთხილა საზოგადოება, არ დაივიწყოს „კლიმატური კრიზისის ადამიანური სახე“, რომელიც „მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, მთელ თემებს აზარალებს და საფრთხეს უქმნის მომავალი თაობების პერსპექტივებს“.

ამ შედეგებთან გასამკლავებლად, მან მოუწოდა საზოგადოებას, გამოავლინოს „საერთო პასუხისმგებლობის ახლებური განცდა, დაამკვიდროს ერებს შორის სოლიდარობის ახალი ფორმები და ძირეულად შეცვალოს ქცევის წესები, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური სისტემები და საზოგადოების მართვის მოდელები“.

პაპის კრიტიკას შეუერთდა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, რომელმაც სამიტის უშედეგოდ დასრულების გამო „ღრმა იმედგაცრუება“ გამოხატა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შეფერხებაში წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ინტერესები დაადანაშაულა.

„ჩვენ ვერ ჩავაქრობთ ცეცხლს, თუ მასზე ნავთს დავასხამთ“, – განაცხადა მან.

შეთანხმება წიაღისეულ საწვავსა და დაფინანსებაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შედგა

პონტიფიკოსის მკაცრი განცხადებების მიზეზი COP31-ის შეთანხმების გარეშე დასრულება გახდა: სამიტის მონაწილე ქვეყნებმა თურქეთისა და ავსტრალიის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ დოკუმენტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, პანამამ და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულოვანმა სახელმწიფომ, სხვებთან ერთად, დოკუმენტის პროექტი უარყვეს, რადგან მიიჩნიეს, რომ იგი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საკმარისად ამბიციურ გეგმას არ ითვალისწინებდა.

უთანხმოების მთავარი მიზეზები იყო წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის საკითხი და განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატური დაფინანსება – დოკუმენტის პროექტში წიაღისეული საწვავის შესახებ ყოველგვარი მითითების არარსებობა ევროპული მხარის უკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ხოლო განვითარებადმა ქვეყნებმა გლობალური დათბობის შედეგებთან გასამკლავებლად გათვალისწინებული ფინანსური რესურსების სიმცირე გააპროტესტეს.

„როიტერის“ ცნობით, კლიმატის ცვლილების საკითხზე გაეროს ეგიდით გამართული ბოლო სამიტი, რომელზეც მონაწილეებმა საბოლოო შეთანხმების კონსენსუსით მიღწევა ვერ შეძლეს, 2009 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა.

გარემოს დაცვაზე ლეო XIV-ის ზრუნვა ეკლესიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებშიც აისახა. შეერთებულ შტატებში დაბადებული რომის პაპის ინიციატივით, 2025 წელს კათოლიკური ეკლესიის წირვის ოფიციალურ წიგნს – რომაულ მისალს – დაემატა სპეციალური ლოცვები და ბიბლიური საკითხავები, რომლებიც ღვთის ქმნილების (ბუნების) დაცვისთვის აღვლენილ წირვაზე უნდა გამოიყენონ. ამ კრებულის მომზადება ჯერ კიდევ რომის პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატის დროს დაიწყო.

სტატია: ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია (RTVE – Corporación de Radio y Televisión Española)

ფოტო: ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი, 2026 წელი, 12:22 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი