რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა
რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა. ეს რომის პაპის ერაყში ვიზიტის პირველი შემთხვევაა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება. პონტიფიკოსი ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის შეხვდება. რომის პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ერაყის უსაფრთხების ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს.

„ეს არის სიმბოლური მოგზაურობა და მოვალეობა იმ მიწის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ეწამა“, – განაცხადა რომის პაპმა ვიზიტის დაწყებისას.

ერაყის ქრისტიანული საზოგადოების რაოდენობა ბოლო 30 წელიწადში 1.4 მილიონიდან დაახლოებით 250 000-მდე შემცირდა. ქრისტიანების ნაწილი ქვეყნიდან 2003 წლიდან შექმნილი ქაოსის გამო გაიქცა, ათეულობით ათასმა ქრისტიანმა კი საცხოვრებელი 2014 წლის შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ძალადობის შედეგად დატოვა.