რომის პაპი - ევროკავშირმა არ უნდა აირჩიოს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზა, პატივი სცეს ყველა ქვეყნის შიდა სტრუქტურას, მრავალფეროვნებას და არ სცადოს მათი უნივერსალურ ქვეყნებად გადაქცევა
რომის პაპი ევროკავშირს მიმართავს, „არ აირჩიოს იდეოლოგიური კოლონიზაციის გეზი“. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. პონტიფიკოსის ეს კომენტარი უკავშირდება ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც „ინკლუზიური ენის დანერგვას“ ეხებოდა. საუბარია თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ჰელენა დალის მიერ შემუშავებულ წესებს, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, თუ როგორც უნდა გამოიყენოს გენდერულად ნეიტრალური ენა.
დოკუმენტში ევროკომისიის წევრებს მოუწოდებდნენ, სიტყვით მიმართვის დროს აღარ გამოეყენებინათ მიმართვა „ქალბატონებო და ბატონებო“ და ამის ნაცვლად ეთქვათ – „ძვირფასო კოლეგებო“.
30-გვერდიან დოკუმენტში მოყვანილ რჩევებს შორის ყველაზე სადავო რეკომენდაცია შობის დღესასწაულს ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ ტერმინი „საშობაო არდადეგები, რადგან ეს სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის შესაძლოა, სტრესული იყოს“.
აღნიშნული დოკუმენტი ხისტი კრიტიკის საგანი გახდა და ევროკომისია „შობის გაუქმების“ მცდელობაშიც კი დაადანაშაულეს. ამის გამო, ევროკომისიამ ეს დოკუმენტი უკან გაიწვია.
აღნიშნული ინიციატივაზე საუბრისას, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ ევროკომისიის ქმედებები „დიქტატორული რეჟიმების ნაბიჯებს ჰგავს“.
„ისტორიაში ბევრი დიქტატორი შეეცადა მსგავსი რამის გაკეთებას. დაფიქრდით ნაპოლეონზე, ნაცისტებზე, კომუნისტების მმართველობაზე. ეს არის ის, რამაც ისტორიის განმავლობაში არ იმუშავა. ბრიუსელმა არ უნდა აირჩიოს იდეოლოგიური კოლონიზაციის გზა, რაც შესაძლოა, ქვეყნების დაყოფით და ევროკავშირის დაცემით დასრულდეს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ყველა ქვეყნის შიდა სტრუქტურას, მათ მრავალფეროვნებას და არ სცადოს მათი უნივერსალურ ქვეყნებად გადაქცევა“, – განაცხადა რომის პაპმა.
პონტიფიკოსის თქმით, დემოკრატიები სუსტდებიან, როდესაც ეროვნულ ღირებულებებს მსხვერპლად სწირავენ და აკნინებენ იმპერიის ან რაღაც სახის სუპერეროვნული სახელმწიფოს სასარგებლოდ.