რომის პაპი ესტონეთის „ციფრული მოქალაქე“ გახდა
რომის პაპი ესტონეთის „ციფრული მოქალაქე“ გახდა

რომის პაპი ესტონეთის „ციფრული მოქალაქე“ გახდა. შესაბამისი ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათი ფრანცისკეს ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ გადასცა.

ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური 37 647-ე პირია, რომელიც ესტონეთის „ციფრული მოქალაქე“ გახდა. მანამდე, აღნიშნული სტატუსი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ასევე იაპონიის პრემიერმა, სინძო აბემ და ლუქსემბურგის მთავრობის მეთაურმაც მიიღეს.

ესტონეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელსაც „ციფრული მოქალაქეები“ ჰყავს. აღნიშნული სტატუსი უცხოელებს საშუალებას აძლევს, ესტონეთის ყველა სახელმწიფო სერვისით ისარგებლონ. ესტონეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ 2025 წლამდე მსოფლიოში ესტონეთს 10 მილიონი „ციფრული მოქალაქე“ ეყოლება.

რომის პაპი ესტონეთში ბალტიისპირეთის ტურნეს ფარგლებში ჩავიდა, რომლიც ამ სახელმწიფოების დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.