რომის პაპი აცხადებს, რომ კანადაში ბავშვების ნეშტების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა
რომის პაპი აცხადებს, რომ კანადაში ბავშვების ნეშტების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა

რომის პაპი კანადაში ყოფილ სკოლა-პანსიონატში აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს გამოეხმაურა.

ფრანცისკემ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ქადაგებისას გააკეთა.

როგორც პონტიფიკოსმა განაცხადა, ბავშვების ნეშტების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ მას „დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა“. მანა ასევე მოუწოდა კანადის ხელისუფლებას და კათოლიკურ ეკლესიას ითანამშრომლონ, რათა ამ საქმის დეტალები ცნობილი გახდეს.

შეგახსენებთ, კანადაში, კერძოდ კი, ბრიტანეთის კოლუმბიის რეგიონში მდებარე ქემლუპსის სკოლა-პანსიონატში, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი 215 ბავშვის ნეშტი მაისის ბოლოს აღმოაჩინეს. აღნიშნულ სკოლას, ისევე როგორც სხვა ანალოგიურ დაწესებულებებს წლების განმავლობაში კათოლიკური ეკლესია მართავდა.

მომხდართან დაკავშირებით 5 ივნისს კომენტარი გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა. მან კათოლიკური ეკლესია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკლესიამ უნდა აღიაროს საკუთარი როლი პანსიონატებში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რომის პაპმა ვატიკანში შეხვედრა გამართა კანადელ კარდინალებთან.

კანადაში მე-19-მე-20 საუკუნეებში სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით. სკოლები მთავრობასა დ რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 ათასი ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.