რომის „მასტერსი“ რაფაელ ნადალმა მოიგო
რომის „მასტერსი“ რაფაელ ნადალმა მოიგო

რომის „მასტერსის“ ფინალში კლასიკური დაპირისპირება შედგა – ერთმანეთს 54-ედ შეხდნენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. მატჩი ორი საათი და 29 წუთი გაგრძელდა და ნადალმა 6:0, 4:6, 6:1 გაიმარჯვა.

პირველ სეტში ნადალმა შტორმივით გადაუარა მეტოქეს. საკუთარ გეიმებში გადათამაშებული 15 ქულიდან ესპანელმა 12 მოიგო, მეტოქის გეიმებში – 32-დან 19. ნადალმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამჯერ შეძლო ჯოკოვიჩის გეიმების აღება, სერბი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა და რაფამ პარტია „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.

ამ შოკიდან გამოსვლა ჯოკოვიჩმა მოახერხა და მეორე სეტში სერიოზულად გაუძალიანდა „გრუნტის მეფეს“. უფრო მეტიც, პირველი ბრეიკ-პოინტი სეტში სწორედ სერბმა მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჯოკოვიჩს ორჯერ დაუდგა კრიტიკული მომენტი, თუმცა, ორივეჯერ სუფთად გამოძვრა – 3:3-ზე და 4:4-ზე ჯამში ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. განსაკუთრებით რთული იყო მეშვიდე გეიმი, საიდანაც ნოვაკმა 0:40-დან დაიძვრინა თავი. და ეს ბრძოლისუნარიანობა სერბს მეათე გეიმში დაუფასდა, რომელშიც მატჩში მეორე ბრეიკ-პოინტი მიიღო და შეძლო მისი გამოყენება. ნადალმა ტურნირზე პირველი სეტი წააგო და საჭირო გახდა მესამე პარტიის თამაში.

და მაინც, გადამწყვეტ სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ნადალმა დაიბრუნა ის დიდი უპირატესობა, რაც პირველ სეტში ჰქონდა. ესპანელმა მეტოქის ყველა გეიმში შეძლო ბრეიკ-პოინტის მოპოვება და სამჯერ აიღო ჯოკოვიჩის გეიმი. ნოვაკმა კი დიდი მცდელობის მიუხედავად, ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ანგარიშში ჯოკოვიჩი წინ არის – 28:26.

ნადალმა კარეირაში „მასტერსის“ სერიის 34-ე ტიტული მოიგო და ისევ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ამ მაჩვენებლით.