რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.
მიქაუტაძის ადვოკატმა აღკვეთ ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა.
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით, რომეო მიქაუტაძე სხვადასხვა უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რომეო მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის პოსტს 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა. სამართალდამცველებმა ის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.