რომეო მიქაუტაძე - ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
რომეო მიქაუტაძე - ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“ სიტყვით გამოვლისას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, მწვანე ეკონომიკა“.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც ენერგიის მზარდ მოხმარებას იწვევს, ზრდის ეს დინამიკა კი წარმოშობს გამოწვევებს, რომელთა დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება.

მისი თქმით, ზამთრის სეზონზე, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით, საქართველოს ენერგომოხმარების დიდი ნაწილი იმპორტირებული რესურსებიდან იფარება, რაც ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.

„ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, რომელთა შორისაა ქვეყნის მთლიან ენერგოკალათაში ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ზრდა, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, სათბური გაზების ემისიის შემცირება და ა.შ. ენერგეტიკა ეკონომიკის ყველა სხვა დარგის მამოძრავებელი ძალაა, ამდენად, მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, შეიმუშავა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისების სქემა, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა.

„ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემის განვითარებით ჩვენ შევძლებთ, ვუპასუხოთ დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დეფიციტური ქვეყნიდან პროფიციტული ენერგოქვეყანა გავხდეთ. ჩვენ საკუთარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 22 პროცენტამდე გვაქვს ათვისებული, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, 60 პროცენტია“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, ენერგეტიკული, განსაკუთრებით, ჰიდრორესურსების უფრო ინტენსიური ათვისება ხელს შეუწყობს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, გადასახადების, ეკონომიკის ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას,  ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, რადგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტურობის კანონების აღსრულების საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო პოლიტიკაზეც აისახება. კერძოდ, მუშავდება ენერგოეფექტური შენობების სტანდარტები, რომლებიც ეკოლოგიისთვის და ურბანული სივრცისთვის გაცილებით უსაფრთხოა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.