რომელუ ლუკაკუ - მადლიერი ვარ, რომ კრისტიანი ჩვენთანაა და იმედია, ფეხბურთსაც მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრაც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესის გუნდმა დრამატულ მატჩში 2:1 სძლია დანიის ნაკრებს.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.
„ვფიქრობ, ფანებმა შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს და დაეხმარნენ მასპინძელ გუნდს გოლის გატანაში. ამან ცოტა აგვანერვიულა, დაახლოებით 20 წუთი დაგვჭირდა იმისთვის, რომ საკუთარ თავებს დავმსგავსებოდით. რთული იყო დანიის ნაკრების უსაზღვრო სურვილის, წნეხის და შეხვედრაში ჩადებული გულის წინააღმდეგ თამაში. ვიცოდით, რომ ეს ასეც იქნებოდა. ისინი სახლში თამაშობდნენ, ჯგუფიდან გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდათ. პირველ ტაიმში ვიგრძენი, რომ ყველა ემოციებით დატვირთული იყო, ამ დროს ძალიან ძნელია მოედანზე ბოლომდე აკეთო ის, რაც გევალება. მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული, ბევრად რაციონალური იყო. ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და მოვიგეთ. ასეთი გამარჯვებები გვაყალიბებს უკეთეს გუნდად.“
მარტინესმა დე ბრუინზეც ისაუბრა.
„უდაოდ დიდი საქმეა, შეხვიდე მოედანზე მეორე ტაიმში და ისეთი ზემოქმედება მოახდინო თამაშზე როგორიც მან მოახდინა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მისი ნიჭის დამსახურება არ არის, მან ზუსტად იცის, როგორ გააკეთოს ასეთი რამ. მეორე ტაიმში ისე გამოიყურებოდა, თითქოს არც ოპერაცია გადაუტანია და არც ფეხბურთს ყოფილა ჩამოშორებული. მან დაგვანახა, როგორ იზრუნა იმაზე, რომ მალე დაბრუნებულიყო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მის ტალანტს არ გამორიცხავს. ძალიან შთამბეჭდავი იყო, ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ფეხბურთელმა როგორ მოახერხა გარდატეხის შეტანა თამაშში.“
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„დღეს კრისტიანს ველაპარაკე. ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. განვიხილეთ დანიელების გეგმა ლუკაკუს შესაჩერებლად, სახალისო იყო და გავერთეთ. მადლიერი ვარ, რომ კრისტიანი ჩვენთანაა. იმედი მაქვს, ფეხბურთსაც მალე დაუბრუნდება.“