რომელ ობიექტებზე ვერ შევლენ მოქალაქეები დღეიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე
რომელ ობიექტებზე ვერ შევლენ მოქალაქეები დღეიდან „მწვანე პასპორტის“ გარეშე

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია დღეიდან ამოქმედდება.

პირს „მწვანე სტატუსი“ აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.