რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს
რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი პარტნიორი სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სოფია საპეგას მშობლების ინფორმაციით, ის მინსკში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში მარტო იმყოფება. მშობლები, საპეგას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯერ არ ამბობენ, მოეხსნა თუ არა მას ბრალი. მათივე ინფორმაციით, სოფია ორი-სამი დღეა, რაც შინა პატიმრობაში იმყოფება.

ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამის ინფორმაციით, ჟურნალისტიც შინა პატიმრობაშია გადაყვანილი. მისი თქმით, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია მისი შვილი, თუმცა იცის, რომ სოფია საპეგას მსგავსად, მინსკშია, სხვა ნაქირავებ ბინაში.

ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკში, სადაც სამართალდამცველებმა ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.