რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართა - თქვენს სფეროში უკვე ძალიან მომრავლდა ჩივილები, გაგვაგებინეთ, ან ჩვენ რას გვერჩით, ან დარგს რას ერჩით
რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართა - თქვენს სფეროში უკვე ძალიან მომრავლდა ჩივილები, გაგვაგებინეთ, ან ჩვენ რას გვერჩით, ან დარგს რას ერჩით

მერამდენედ არის ეს ამბავი, შეიკრიბებით ტელევიზიაში, გამოვა მთელი ინდუსტრია და იძახის, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ, მერე მოხვალთ ჩვენთან, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, გაგვაგებინეთ ან ჩვენ რას გვერჩით, ან იმ დარგს რას ერჩით, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას, რომელიც ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენდა.

სხდომაზე მყოფმა საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა, არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ექსპერტებთან არ განხილულა და მსგავსი ცვლილებების მიღება განხილვის გარეშე არ შეიძლება.

„უკაცრავად, თუ შეიძლება, ამაზე პასუხი გაეცით რა. იმიტომ, რომ თქვენს სფეროში, მართალი გითხრათ, უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არ არის. რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში, თუ შეიძლება, გაგვაგებინეთ რა. მაშინ დამისახელეთ კონსულტაციის ფორმები, სადაც გაიმართა ეს შეხვედრა და ჩამომითვალეთ ადამიანები, ვისთანაც გაიმართა ეს კონსულტაციები. იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში რატომ გვაყენებთ, ვერ გავიგე. მერამდენედ არის ეს ამბავი. მერე შეიკრიბებით ტელევიზიაში, გამოვა მთელი ინდუსტრია და იძახის, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. მერე მოხვალთ ჩვენთან, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და გაგვაგებინეთ ან ჩვენ რას გვერჩით, ან იმ დარგს რას ერჩით. ბოლოს და ბოლოს აგვიხსენით, რაშია საქმე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საბოლოოდ კომიტეტზე კლინიკების შემოწმებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა გადაიდო.