ვიმედოვნებ, რომ ბევრნი არიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად აღიქვამენ საფრთხეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„უმრავლესობაში თუ არიან ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არსებული საფრთხეები „ოცნების“ გამოგონილი რეალობაა და სინამდვილეში, ეს საფრთხე მათ იმიტომ გამოიყენეს, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ, მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად არ იქნება ნამდვილად და იმედი მინდა, ვიქონიო, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, დღეს „გადარჩენა“ არის მთავარი სიტყვა, რადგან მსოფლიო წესრიგის ფორმირება არასოდეს არ მომხდარა ომის გარეშე, ყოველთვის ომით წყდებოდა ადგილის მოპოვება იმ მრგვალ მაგიდასთან, სადაც ახალი წესრიგი უნდა დაწერილიყო და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რომელსაც პირდაპირ იმ მაგიდასთან მისასვლელი ჯერჯერობით არ გვაქვს, მთავარი სიტყვა არის გადარჩენა.
„ანუ, ის პოლიტიკური ძალა არის ჩემთვის დაწინაურებული ძალა და მას უნდა ერგოს ქვეყნის განვითარების „რიჩაგები“, ვისაც გადარჩენის და განვითარების სტრატეგია აქვს ერთად. გადარჩენა ითხოვს პოზიციას, პოზიცია არის მსოფლმხედველობის ნაწილი და რადგან ჩვენ სწორედ მსოფლმხედველობრივად ვართ გახლეჩილი, ამიტომ, პოზიციაც არის აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი. ერთნი რასაც გადარჩენად მიიჩნევენ, მეორენი იმას ყველანაირი დამამცირებელი ეპითეტით ზოგი პრორუსულად მოიხსენიებს და ა.შ., თუმცა მე ამ გადარჩენას, რომლის სტრატეგიაც ჩემი აზრით „ქართულ ოცნებას“ აქვს, უმნიშვნელოვანესად მივიჩნევ“, – განაცხადა კაკულიამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მისთვის ძალიან საინტერესო საჯარო ინტელექტუალი საუბრობდა სწორედ იმ დასავლეთზე, რომელთანაც ძალიან ახლო კავშირებში არის ოპოზიციის ნაწილი და ამ ინტელექტუალმა იხმარა ასეთი ტერმინი – პოსტმოდერნისტული ვირუსი.
„იცით, რას გულისხმობდა ამაში? გულისხმობდა ტენდენციას, როდესაც შენ შეგიძლია, გააკეთო განცხადება, ვთქვა რამე და მერე ამას არაფერი არ მოჰყვეს, ამავდროულად, გააკეთო რაღაც პოზიციონირება და არავითარი პასუხი არ აგო იმაზე, რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს ამას. ის საუბრობდა იმაზე, რომ დასავლეთში ეს არის ტენდენცია და მან ამას პოსტმოდერნისტული ვირუსი უწოდა, რომელმაც პოლიტიკა დააზიანა მთლიანად. ადამიანები აკეთებენ განცხადებას და მერე, მეორე დღეს, ამას შეიძლება, არაფერი არ მოჰყვეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ეს ხალხი, რამდენიმე, ვინც განსაკუთრებით უპირისპირდება ხელისუფლებას, მგონია, რომ პოსტმოდერნისტული ვირუსით არიან დაავადებული, რომელზეც ის ბატონი საუბრობდა. ამიტომ, მათგან ნათქვამი, რომელიც მერე მოქმედებით არ გაგრძელდება, ან ნათქვამი, რომლის პასუხისმგებლობაც მათი მთავარი საფიქრალი არ არის, ეს ჩემთვის არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – განაცხადა კაკულიამ.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, ადამიანი გადარჩენას თუ აღიქვამს მთავარ პრობლემად, მაშინ მას ისიც უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირთან დისტანცირება იყო გარდაუვალი.
„ხდება იმის წარმოჩენა, რომ არიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმით, რა არის დემოკრატია, რა არის ევროკავშირი და არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ეს ყველაფერი და არიან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, მაგრამ მარტო ასე არ არის საქმე. ჩვენც ბევრი ადამიანი ვართ ისეთი, რომლებსაც არ მოგწონს ის რეალობა, რაც დადგა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ სხვა კუთხიდანაც, გარდაუვალი ხომ არ იყო ეს დისტანცირება, რადგან ჩვენი და ევროკავშირის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რუსეთის საფრთხე, როგორც ასეთი, გაგვეთვალისწინებინა, ევროკავშირი კი სხვა ნარატივზე იყო. ისინი რუსეთს მოწინააღმდეგედ კი არ აღიქვამენ, ისინი ასეთი ნარატივის გაგრძელებაში არიან, რომ ეს არის ბოროტებასა და სიკეთეს შორის დაპირისპირება და ბოროტების ინტერესებს როგორ გაითვალისწინებენ? დღემდე აქ არიან ისინი. მიუხედავად იმისა, რაც ხდება იქ, მაგათი ნარატივი არის, რომ მათ არ შეეძლოთ ამის დაშვება, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება შეიძლება და ეს ხალხი ამ დემოკრატიაზე რომ საუბრობს, სურვილების რეალობა არის ეს. სურვილები მეც გადასარევი მაქვს, ევროპულიც და გადასარევად ვიცი, რა რისგან განსხვავდება, მაგრამ სურვილების რეალობა სხვა არის და რეალობა, რომელსაც შეიძლება, პასუხისმგებლობით მიჰყვე, სხვა არის. ჩვენ რომ გადავრჩეთ, ეს მნიშვნელოვანია და გადარჩენას სჭირდება ისტორიული კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელიც სურვილების რეალობაზე თუ იქნება დაფუძნებული, მაშინ ჩვენ მივიღებთ რეალობას, რაც არის პოსტმოდერნისტული ვირუსი. როდესაც მეკითხებით, რა სჭირს ამ ოპოზიციასო, ესენი ამ ვირუსით დაავადებული არიან და ამიტომ, რა დაემართებათ და რა სიმპტომით გამოვლინდება, ამის თქმა მე ნამდვილად არ შემიძლია“, – განაცხადა კაკულიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ვითარების დაძაბვას და ესკალაციას 4 ოქტომბერს, რაზეც ხელისუფლებისგან გამაფრთხილებელი გზავნილები უკვე ისმის და ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ ანონსდება მშვიდობიანი დამხობა, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ამ ადამიანების გადამკიდე შეუძლებელია, რისკები არ არსებობდეს.
„რისკები ამ ადამიანების გადამკიდე როგორ არ უნდა არსებობდეს? მით უმეტეს, ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლებაა და ამას იმედია, ხვდებიან. იმიტომ, რომ ამის შემდეგ წინ ისეთი პერიოდი რჩება, რომ ყოველ შემთხვევაში, გამორიცხული ნამდვილად არ არის, თუმცა შეფარდება როგორია ამ ადამიანების მსოფლმხედველობრივი გახლეჩვის შემთხვევაში, ვინ როგორ შეხედულებებზეა და რამდენია, არ ვიცი. მე კი მაქვს იმედი, რომ რეალურად, მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ საფრთხეს „ქართული ოცნების“ გამოგონილი საფრთხედ არ აღიქვამენ, რეალურად ხედავენ ამას და ამავდროულად, გადასარევად ესმით, რა დავკარგეთ, რა ცუდია, რომ დავკარგეთ და ისიც ესმით, რომ ასე ადვილად ეს ყველაფერი არ აღდგება, მაგრამ პირველ ადგილზე გადარჩენას აყენებენ და მაშინ არაფერი არ მოხდება, მაგრამ თუ ადამიანი სურვილების თემაში არიან და ჰგონიათ, რომ ორი ავტობუსი გადის, ერთი ევროპისკენ, მეორე რუსეთისკენ და არჩევანია, რომელში ჩაჯდომა ჯობია, რადგან ამათ იციან, რა კარგია ევროპა და იმათ არ იციან, თუ ასეთი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ჩვენგან სახელმწიფო მაინც არ გამოვა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
