რომან კაკულია - ვფიქრობ, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ისევ მოუწევს, ამ პროცესის ლიდერი იყოს
რომან კაკულია - ვფიქრობ, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ისევ მოუწევს, ამ პროცესის ლიდერი იყოს

დგება დრო, როცა პოლიტიკური პარტიები საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენენ მათი იდეების მიხედვით, მათი წარსულით, რეალური სახითა და მომავლის პერსპექტივებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„ასეთ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ველი ისეთნაირად დალაგდება, რომ ყველას მიეცემა საშუალება, მაშინ წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული და არა ასეთ სქემებზე“, – დასძინა კაკულიამ.

კაკულიას თქმით, მან არ იცის, რა შანსი აქვთ არჩევნებში სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტი შანსი კვლავ აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ისევ მოუწევს, პროცესის ლიდერი იყოს.

„არ ვიცი. ვფიქრომ, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ისევ მოუწევს, ამ პროცესის ლიდერი იყოს. იმიტომ, რომ ვისაც უნარი აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ ვერ ანდობს ქვეყნის მართვას.

ვისაც აქვს ამის უნარი და ალბათ პერსპექტივაც,  ჯერ სათანადო გამოცდილება არ აქვს. ალბათ საზოგადოება მათთვისაც ვერ გარისკავს, ბოლომდე ანდოს ეს ყველაფერი. ამიტომ საპარლამენტო ცხოვრებაში, მომავალში, ვფიქრობ, ბევრი ისეთი პარტია გამოჩნდება, რომლებმაც სწორედ საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა აჩვენონ საზოგადოებას საკუთარი თავი, რომლის შემდეგაც მათ მიმართ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება. ამიტომ ამ არჩევანის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი შანსი, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.