რომან კაკულია - ვეთანხმები შეფასებას, რომ არის სამოქალაქო ომი დასავლური ცივილიზაციის შიგნით, რომელიც კულტურული დაპირისპირების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდამ გამოიწვია
რომან კაკულია - ვეთანხმები შეფასებას, რომ არის სამოქალაქო ომი დასავლური ცივილიზაციის შიგნით, რომელიც კულტურული დაპირისპირების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდამ გამოიწვია

მე ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს არის სამოქალაქო ომი დასავლური ცივილიზაციის შიგნით, რომელიც კულტურული დაპირისპირების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდამ გამოიწვია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს დეფინიცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამის გარეშე ამ დაპირისპირებების ასეთი სიმძაფრე ვერ აიხსნება. კულტურული დაპირისპირებაა ის უმძიმესი დაპირისპირება, რომელიც იწვევს ხოლმე ასეთ სიმძაფრეს. ეს შესავალი ვიღაცას, შეიძლება, ზედაპირულ საუბრად მოჩვენოს, მაგრამ არ არის ეს ასე, რადგან ჩვენ ეს ზუსტად გადმოგვდის მერე შიგნით, ეს კულტურული ომი გვაქვს შიგნითაც და იმ კულტურული ომის შინაარსს თუ ვერ ავხსნით, ვერც იმას მივხვდებით, აქ რა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელ მსოფლიოს რა სახელი დავარქვათ, ერთი წინადადებით ძნელი გამოსათქმელია, მაგრამ მე ასევე ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ ჩვენ მივიღეთ მსოფლიო, სადაც უფლებების დომინირება მოხდა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებზე. აი, ეს მსოფლიო გვაქვს ჩვენ. რატომ მოხდა ეს კულტურული დაპირისპირება ვოუქიზმთან და ა.შ.? ეს დაპირისპირება, სადაც ჩვენ უფლებების დომინირება მივიღეთ მოვალეობებზე, გვაძლევს პოზიციებს, და დაუკვირდით, უკრაინის პოზიციის გამამართლებლები როგორ აყენებენ საკითხს, ჰქონდა თუ არა უკრაინას უფლება, რომ გამხდარიყო ნატო-ს წევრი? რა თქმა უნდა, ჰქონდა და საქართველოსაც ჰქონდა უფლება, გამხდარიყო ნატო-ს წევრი, მაგრამ პასუხისმგებლობა მეორეხარისხოვანი ხდება. ანუ, შედეგებზე პასუხს ვინ აგებს? ეს მთელი ფილოსოფიაა. წლების განმავლობაში უფლებების დომინირებამ თავისთავად მოიტანა მოვალეობათა უკანა პლანზე გადატანა, რომელიც შემდეგ ყველაფერზე აისახა“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, მემარჯვენე მოძრაობები იმიტომ გამოდის წინა პლანზე, რომ როგორც ცხოველები და ფრინველები გრძნობენ ხოლმე ბუნებრივი კატაკლიზმების მოახლოებას ინტუციით, როგორც ჩანს, ადამიანთა კოლექტიური ქვეცნობიერიც გრძნობს ომის მოახლოებას და ომის საფრთხის ზრდა ავტომატურად იწვევს იმ ფიქრების გააქტიურებას, როდესაც საზოგადოების კონსოლიდაცია გჭირდება.

„ამის გარეშე პრობლემების მიმართ გამკლავება ვერ ხდება. ამიტომ, როდესაც ტრამპი საუბრობს ღირებულებებზე, რელიგიაზე და ა.შ., ეს მხოლოდ შეხედულებითი ნაწილი კი არ არის, პრაგმატული გადაწყვეტილებაცაა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევდივართ მსოფლიოში, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება მოუწიოს და ომის ალბათობა იზრდება, მაშინ ლიბერალიზმი, უბრალოდ, ვერ გამოდგება იმ გამაერთიანებელ მექანიზმად, რომელმაც შეიძლება ნაციის, გინდაც ცივილიზაციის კონსოლიდაცია მოახდინოს“, – განაცხადა კაკულიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ჩართულობის გარეშე ამ ომის დასრულება, რადგან სხვადასხვა ევროპელი ლიდერის მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით ისმის პრეტენზიები ტრამპის მისამართით, რომ ის რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი არ არის, როგორიც უნდა იყოს, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ყველა მხარეს თავისი მოტივაცია აქვს და ომი გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე უკრაინა არ იქნება მიყვანილი იმ მდგომარეობაში, როდესაც ომის გაგრძელებას არავითარი საფუძველი აღარ ექნება.

„ისინი ფიქრობენ და რატომღაც არის ასეთი წარმოდგენა, რომ ამ პერიოდში რუსეთის დასუსტებაც შეიძლება მოხდეს, რომელიც მერე ნაკლებ საშიშროებას შექმნის ევროპისთვის. ეს მოსაზრება არ არის ერთადერთი მოსაზრება, მაგრამ დომინანტი მაინც ეს მგონია, რამდენადაც ვიცნობ ევროპულ ქვეყნებს და მათ დამოკიდებულებას იმ სპირალთან, რომელშიც თავიანთი თავი თავად შეიყვანეს. ახლა იქიდან გამოსვლა, უბრალოდ, ძნელია და ეს განცხადებაც, რომელიც გაკეთდა, უფრო საშიში მშვიდობა არის უკრაინისთვისო, ფაქტობრივად, ისინი თავიანთ თავს გულისხმობდნენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.