რომან კაკულია - შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს მხოლოდ შეხვედრებისთვის, არამედ საჭიროა, საზოგადოებამდე კონკრეტული ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ
რომან კაკულია - შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს მხოლოდ შეხვედრებისთვის, არამედ საჭიროა, საზოგადოებამდე კონკრეტული ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა ეძღვნებოდა იმ ტაქტიკური ნაბიჯების დაკონკრეტებას, რომელიც უნდა იყო მთავარი მიზნის განმახორციელებელი, რათა აბსოლუტურად ზუსტად იქნას დანახული შეცდომების ის არეალი, რომელმაც ჩვენთვის გარკვეულწილად მიუღებელი შედეგი დააფიქსირა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ტაქტიკური ნაბიჯები არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადებები განცხადებებისთვის და შეხვედრები შეხვედრებისთვის, არამედ საჭიროა, საზოგადოებამდე კონკრეტული ობიექტური ინფორმაციის მიტანა.

ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე გამოწვევა გვაქვს. თემები, რომელიც დაკავშირებული იყო კორუფციის არსებობასთან, ასევე სასამართლო სისტემასა და ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებთან – ეს სამი გამოწვევა ცალსახად იყო.

მსჯელობის საგანია, რა შეიძლება ძალიან მალე გამოსწორდეს. დღეს დაიწყო უკვე საზოგადოებასთან შეხვედრები და მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე აღნიშნული გამოწვევების გადაწყვეტის გზების შესახებ იყოს ინფორმაცია მიწოდებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.