რომან კაკულია - სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღებაზე გუნდთან კონსულტაციები არ მქონია
რომან კაკულია - სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღებაზე გუნდთან კონსულტაციები არ მქონია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც რომან კაკულია ამბობს, ამ თანამდებობის შემოღების მიზანშეწონილობა მისი პირადი მოსაზრებაა, ამის შესახებ კონსულტაციები თანაგუნდელებთან არ ჰქონია და ფიქრობს, რომ ეს საკითხი სამომავლოდ შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს.

,,ეს არის მოსაზრება, რომელსაც ძალიან დიდი კონსულტაციები სჭირდება მთავრობასთან. არავითარ შემთხვევაში აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს შეიძლება დღევანდელი სწორი პასუხი იყოს, მაგრამ რადგან მომავალში ზოგადად მთავრობის ოპტიმიზაციის თემა ყოველთვის გვექნება და მცირე მთავრობა არის მიზანი, არა დღევანდელი და არა ხვალინდელი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მოდელი, რომელიც უნდა განვიხილოთ სამომავლოდ, ხაზს ვუსვამ – აუცილებლად მთავრობასთნ კონსულტაციებით, ეს არის სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოღება საჯარო სამსახურში”, – განმარტავს რომან კაკულია.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ თემაზე მსჯელობა შესაძლოა, მომავალმა პარლამენტმა დაიწყოს, თუმცა მანამდე, კონსულტაციების გამართვაა საჭირო უმრვალესობისა და მთავრობის წევრებთან.

“თავის დროზე, როცა იყო საჯარო სამსახურის რეფორმა ჩვენ ამას განვიხილავდით, თუმცა სათანადო მხარდაჭერა ამან მაშინ ვერ ჰპოვა. ამიტომ, როცა ამის დრო დადგება, სამომავლოდ, ხაზს ვუსვამ, მე ვაპირებ ეს ინიციატივა გავხადო პირველ რიგში უმრავლესობასთან მსჯელობის საგანი”, – განაცხადა კაკულიამ
პირველ არხთან საუბრისას.

ამ განმარტებების გაკეთება უმრავლესობის წევრს მას შემდეგ მოუხდა, რაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების გახილვისას რომან კაკულიამ თქვა, რომ ის საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების მომხრეა.