რომან კაკულია - ომი რომ დამთავრდეს, ამისთვის ომის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას, შეთანხმება ეგზისტენციალური საფრთხის თემის ამოწურვის გარეშე თუ შედგა, მაშინ ომი, უბრალოდ, შეიძლება, გადაიდოს
რომან კაკულია - ომი რომ დამთავრდეს, ამისთვის ომის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას, შეთანხმება ეგზისტენციალური საფრთხის თემის ამოწურვის გარეშე თუ შედგა, მაშინ ომი, უბრალოდ, შეიძლება, გადაიდოს

ჩვენ უნდა დავინახოთ, რა ძირითადი ორი პარადიგმა უპირისპირდება ერთმანეთს მსოფლიოში და აქედან გამომდინარეა შემდეგ ის დამოკიდებულებები, რომლებიც ფორმირდება, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ზრდის თუ არა საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების რისკებს ის მდგომარეობა, როდესაც, ერთი მხრივ, გვპირდებიან, მეორე მხრივ, არ გვიღებენ ნატო-ში და, მესამე მხრივ, საქართველოს მიმართ ნეგატიური განცხადებები კეთდება, იმ პირობებში, როცა საქართველომ ძალიან ბევრი გაიღო, რათა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია მომხდარიყო, ვინ არის მათთვის ინფორმაციის წყარო და რატომ არ ხდება ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების მოძიება?

რომან კაკულიამ 90-იან წლებში საქართველოში უცხოელების პირველ შემოსვლასთან დაკავშირებით და ინფორმაციის წყაროების ჩამოყალიბების მანკიერ პროცესზე ისაუბრა.

„პირველად როცა შემოვიდნენ ჩვენთან უცხოელები, ევროკავშირი, 1992 წლიდან მაგათთან ვმუშაობ და პირველად, იცით, როგორ იყო? სულ სამი პოზიცია იყო ხოლმე, მძღოლი ჰყავდათ, ოფისმენეჯერი, რამდენიმე ექსპერტი და მერე სამინისტროში საკონტაქტო პირები. მე ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ვიყავი მათთვის და, იცით, თვალში რა მხვდებოდა ხოლმე? ყველას კი არ ეხება, მაგრამ ხშირად იკვეთებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნდობის მოპოვებას ამ უცხოელებთან ცდილობდნენ საკუთარი ერის უარყოფითი მხარეების მათთან მიტანით და დანახვებით. ანუ, თქვენ ვერ შეამჩნევთ, ამათ რა უარყოფითი თვისებები აქვთ და მე ვიქნები ის პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერ უარყოფითს თქვენთან მოვიტან და ნახეთ, რა სანდო ვარ მე, შენ ახლა ჩამოსული ხარ აქ, ესენი ძალიან საშიში ხალხია, აქ აღმოსავლეთია, ქართველები არიან, ამათ ყველა უარყოფით თვისებას მე გეტყვი შენ და იცოდე, რომ მე ვარ შენი ინფორმაციის წყარო. ისინი, ძალიან ბევრი, ღებულობდა ამას. ჩემთვის ეს გამაოგნებელი იყო და ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, გაგრძელდა მერე, უცხოელებთან საკუთარი იდენტობის და საკუთარი მნიშვნელობის გამყარება საკუთარი ხალხის უარყოფითი მხარეების წარმოჩენით. ეს იმას მოვაყოლე, თქვენ რომ ალტერნატიული წყაროები მკითხეთ. ალტერნატიული წყაროები არ მუშაობს, თუ მათ იდენტიფიცირება გაუკეთეს ვინმეს, რომელიც დაარწმუნებს, მე ვარ შენი ინფორმაციის წყარო, ღირებულებითაც შენი ვარ და ამათი უარყოფითი მე შენზე კარგად მესმის, ისაა ინფორმაციის წყარო“, – განაცხადა კაკულიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ომი რომ დამთავრდეს, ამისთვის ომის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას.

„ომის მიზეზი თუ ორივე ქვეყნისთვის სხვადასხვაა, თან ორივესთვის ეგზისტენციალურია და ეს ხელშეკრულება ვერ ამოწურავს ამ თემებს, მაშინ ომი, უბრალოდ, შეიძლება, გადაიდოს. ეს ის ქვეყანაა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი რომ დაიდო, შეიძლება, ჯერ კიდევ ცოცხალი არიან ადამიანები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, ძალიან დიდი ისტორიის ნაწილი კი არ არის. შეიძლება, შედგეს ყველანაირი შეთანხმება, მაგრამ თუ ეს შეთანხმება შედგა და თან ეგზისტენციალური საფრთხის თემა თუ არ იქნა ამოწურული, ეს, უბრალოდ, მზადება იქნება უფრო დიდი ომისათვის და მეტი არაფერი“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დავინახოთ, რა მოხდება, აქ მოხდება ის, რაც უპასუხებს შემდეგ იმ ტენდენციას, რომელიც დადგება.

„სულ ორი ალტერნატივაა ამ ტენდენციის: ან დასავლეთი შეძლებს, გააგრძელოს თავისი დომინანტობის თემა იმავე მეთოდებით, თუ ახლა, USAID-ი რომ გააუქმა და ძალის ის ინსტრუმენტები რომ აღარ იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა ამაზე; ან ის მიიღებს მრავალი ცენტრის არსებობის ფილოსოფიას, ე.წ. რეალპოლიტიკის მოცემულობას, როდესაც მოგწონს-არ მოგწონს კი არ არის, შენ უკვე იწყებ იმ ძალის ცენტრის ინტერესების გათვალისწინებას, რომელიც წარმოიქმნა. ჩვენ ხომ აქ, ფაქტობრივად, ეგ ამბავი დაგვემართა?! ჩვენ ძალიან მოგვწონდა ეს გაფართოებადი დასავლეთი, ძალიან მოგვწონდა დემოკრატიული მშვიდობის იდეა და ა.შ. მათ გაფართოებას, დასავლეთის დომინანტობას, როდესაც იყო მსოფლიო, რომელსაც წინ კი ედგა დანარჩენი მსოფლიო, მაგრამ არაფერი არ ჩანდა ისეთ პრობლემად, რომელსაც შეიძლებოდა, ხელი შეეშალა ამ გაფართოებისთვის და მართლაც დემოკრატიული ხარისხის მიღწევები იმ სხვადასხვა უბანში თითქოს ჩანდა ერთადერთ გზად. ბუშმა აღმოსავლეთის დემოკრატიად გადაქცევაც კი გადაწყვიტა, მაგრამ იქ არ ჩანდა ისეთი დიდი ძალა, რომელიც ამერიკას წინ აღუდგებოდა. სიტუაცია შეცვალა რუსეთის მიერ ახალი სტატუსის მიღებამ. მოგვწონს-არ მოგვწონს რა შუაშია, მაგრამ რაც ორჯერ გადაყლაპა მან, უბრალოდ, მესამედ ის აღარ გადაყლაპა და ჩვენ ამ საზღვარზე რახან აღმოვჩნდით, ჩვენთვის ეგ მოხდა ძირითადად“, განაცხადა კაკულიამ.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, შეიძლება, ყველას ერთნაირად არ მოგვწონდა ის ღირებულებათა სისტემა და სხვადასხვა ტემპით გვეჩქარებოდა იქ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დასავლეთის სივრცე რომ სჯობდა დანარჩენს სივრცეს, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ეს შეკითხვა არ ჰქონდა, თუმცა გაფართოების ეს ერთი პარადიგმა თავისთავად შეჩერდა რუსეთის და ჩინეთის ფაქტორის გამო.

„კობახიძის განცხადების გამო კი არ შეჩერდა, რუსეთის ამ ახალი სტატუსის და ჩინეთის მიერ ახალი სტატუსის გამო შეჩერდა მათი გაფართოება აღმოსავლეთით და უკრაინა და ჩვენ ამ საზღვარზე აღმოვჩნდით“, – განაცხადა კაკულიამ.